ნაწილი I

426 24 8
                                    

1998 წლის ოქტომბრის მიწურულში ერთი ახალგაზრდა კაცი კაზინოში შევიდა სწორედ იმ დროს, როცა სამორინეები იღება, თანახმად კანონისა, რომელიც მფარველობს ამ არსებითად დასაბეგრავ ადამიანურ გატაცებას. მან თითქმის უყოყმანოდ აიარა შავი, ძალიან მუქი მარმარილოს კიბეები ოქროსფერი მოაჯირებით და პატარა ტანის ფერმკრთალ ბერიკაცს მიესალმა.

- ბატონო, თქვენი ქუდი მიბოძეთ...- უთხრა მას მკვახე ხმით. მოაჯირის უკან, ბნელ კუთხეში მჯდარი ფეხზე წამოდგა და თავისი უჯიშო სახე გამოაჩინა.

როდესაც სამორინეში შედიხართ, კანონი, უწინარეს ყოვლისა, თქვენს ქუდს გართმევს. რა არის ეს? საშუალებაა ჯოჯოხეთური ხელშეკრულების დადებისა, რომელიც თქვენგან ერთგვარ საწინდარს მოითხოვს? ან, შეიძლება, ქუდი იმისათვის უნდა მოიხადოთ, რომ მოკრძალებით მოეპყროთ იმათ, ვინც ფულს მოგიგებთ? გაურკვეველია.
მაგრამ იცოდეთ, საკმაოა ერთი ნაბიჯი გადადგათ მწვანე, ხალხმრავალი მაგიდებისკენ და თქვენი ქუდი, თქვენი თავიც აღარ გეკუთვნით: თქვენ მთლად თამაშში ხართ გადავარდნილი თქვენი ქონებით, სიმდიდრით, ავლა-დიდებით.

ის იყო ქაღალდის დამრიგებელმა და ბანკირმა მოთამაშეებს მქრქალი და მომაკვდინებელი თვალები მიაპყრეს და მკვეთრი ტონით დაუძახეს - თამაში განაგრძეთო- და ახალგაზრდა კაცმა კარი შეაღო.
დარბაზში მყოფთა თავები ახალი მოსულისკენ მობრუნდა ცნობისმოყვარეობის გამო.
საოცარი რამ მოხდა!
გარინდებულმა ბერიკაცებმა, გულგაქვავებულმა მსახურებმა და მაყურებლებმა რაღაც შეძრწუნება იგრძნეს უცნობის დანახვაზე.
მისი შესვლისთანავე მისმა გარეგნობამ გაყინული გულები გაალღო. მაგრამ განა ხანდახან ჯალათებს არ უტირიათ ქალწულების დანახვაზე, რომელთა ქერა თავები ძირს უნდა დაცემულიყო გილიოტინის ქვეშ?
პირველი შესვლისთანავე მოთამაშეებმა რაღაც საშინელი საიდუმლოება ამოიკითხეს ახალმოსულის სახეზე; მის ახალგაზრდა სახის ნაკვთებს რაღაც მომხიბლავი ნისლი ეხვია, მისი გამოხედვა მრავალი იმედის გამტყუნებას, მრავალ ამაო ცდას მოწმობდა. რაღაც ფარული გენია ციაგობდა ამ დანისლული თვალების სიღრმეში, რომელნიც შეიძლება სიამოვნებათა სიჭარბით იყვნენ დაქანცული. შეიძლება ბრბომ თავისი ჭუჭყიანი დაღი დააჭდო ამ კეთილშობილ სახეს, ერთ დროს უმწიკვლოსა და ანთებულს, ახლა კი ასე მოთენთილს?

𝙁𝙖𝙡𝙡𝙚𝙣/დაცემულიWhere stories live. Discover now