მოულოდნელი სტუმარი

409 16 1
                                    

ენჯი

 ადრიანი დილა იყო, ამიტომ სამსახურისკენ ნელა მივსეირნობდი. სანამ იმ ქუჩაზე ჩავუხვევდი, სადაც კაფე მდებარეობდა, საბას მოტოციკლს მოვკარი თვალი. მეგონა, ჩემსავით სამსახურში მიდიოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისევ მკითხველთა კლუბის წარმომადგენლებთან შესახვედრად მიემართებოდა და ჩემი წაყვანაც უნდოდა.

 -ამჯერად ნეიტრალურ მოედანზე შევხვდებით და არანაირი დათმობა! - საბრძოლველად იყო შემართული.

 -საბა, კარგი, რა... არ დაიღალე? - თვალები გაბეზრებით ავატრიალე. - დილაადრიან ნუ ცდილობ, ხასიათი გამიფუჭო.

 -ენჯი,ხომ არ გავიწყდება, რომ შენ ხარ კაფეს მენეჯერი და, წესით, შენ უნდა მიდიოდე ამ შეხვედრაზე? - ჩაფხუტი გამომიწოდა იმის ნიშნად, რომ მასთან ერთად წავსულიყავი.

 -დღეიდან შენ ჩემი თანაშემწე ხარ და თავად მოაგვარებ ყველაფერს, რაც ამ ღონისძიებას ეხება! - გადავუწყვიტე მე.

 -ე.ი. სრულ თავისუფლებას მანიჭებ? - ჩაეღიმა.

 -საბა! შენებურად ნუ გაუტევ, ყველგან დავაანონსეთ უკვე ეს საღამო და ისე ნუ გააკეთებ, სულ ჩაიშალოს, - მუდარით ავხედე.

 -ისე ვიზამ, რომ ყველაფერი ჩემებურად გავაკეთო და კაფემაც იხეიროს, - თვალი ჩამიკრა, - ფინანსურად, რა თქმა უნდა, თორემ ისევ კინგისგან რა ხეირი უნდა მიიღოს ვინმემ?

 -ყველაფერი უნდა იყოს ხუთიანზე, იცოდე!

 -არის, მშვენიერო ბოს, ყველაფერი იყოს ხუთიანზე! - გამეჭიმა წინ.

 -გაქრი აქდან! - შევუღრინე მე. - ცანცარებ ამხელა მენეჯერის თანაშემწე კაცი.

 -ანაზღაურებასაც მაგ თანამდებობის შესაბამისს მოვითხოვ, იცოდე! - დამემუქრა საბა და სანამ პასუხს გავცემდი, სწრაფად მიეფარა თვალს.

 ,,ანაზღაურებას კი არა, ერთი დღე იქნება, სულ ძალდატანებით წაგიკითხავ ლექციას კინგის მთელ შემოქმედებაზე, შენი დაბმა რომ მომიხდეს, მაინც'', - გავიფიქრე და გზა განვაგრძე.

 კაფეში, როგორც ყოველთვის, ღიმილით შევედი და ყველას ხელის აწევით მივესალმე. თანამშრომლებთან ერთად, ადრიანად მოსულმა რამდენიმე მუდმივმა სტუმარმაც დამიკრა თავი მოსალმების ნიშნად. კიბისკენ წავედი, რომ დილის გეგმები სისრულეში მომეყვანა - შესვენებამდე საქმეები მომეთავებინა და ლაიასთან წავსულიყავი. კიბესთან ნინია დამეწია აჩქარებული ნაბიჯით:

 -ენჯი, აქ ვიღაც ბიჭია და გკითხულობ, ამბობს, რომ შენი მეგობარია, - ჩემი გეგმების შესრულება ეჭვქვეშ დააყენა ნინიამ. ისევ დაუგეგმავი საქმიანი ვიზიტი იყო ნეტა, თუ მართლა რომელიმე მეგობარიჩამოვიდა თბილისიდან?

 -სად არის? - დარბაზს თვალი მოვავლე.

 -კუთხის მაგიდასთან, ფანჯარასთან, - ისე მითხრა ნინიამ, მისკენ არც გაუხედავს.

 მაგიდისკენ ინტერესით გავიხედე. რა ჩემი მეგობარი, პირველად ვხედავდი. გადავწყვიტე, მალე გამერკვია, ვინ იყო და მისკენ დავიძარი. თავიდან მიყურებდა, მერე მზერა ყავაზე გადაიტანა. ნახევარი მანძილი მქონდა გავლილი, მოულოდნელად რომ ამომხედა. ეს ხომ ის ბიჭია?! ბიჭი ეკრანიდან! აქ საიდან გაჩნდა ნეტა? ბექას კომენტარი გამახსენდა იმ საღამოდან, შეტყობინების მიღებისას რომ მითხრა: ,,ეე... იმ ბიჭმა ხომ არ გამოგიგზავნა?'' ,,ნეტა ახლა ამ ბიჭს ხედავდეს, გადაირეოდა'', - გავიფიქრე და ბიჭს ეკრანიდან ღიმილით მივუახლოვდი.

 -ენჯი, შენ ყოველთვის იგვიანებ სამსახურში? - მკითხა უცნობმა.

 ინსტიქტურად საათს დავხედე. საბასთან საუბარში მართლაც დამიგვიანია, მთელი ცხრა წუთით. ვცდილობდი, გამეხსენებინა, საიდან მეცნობოდა მისი ხმა, ძალიან ნაცნობი ხმა ჰქონდა და, ღმერთო, ისე სასიამოვნო, რომ...  

 -ლევან?! - გაოცებულმა ხელი პირზე ავიფარე და მის პირდაპირ სკამზე მოწყვეტით დავეშვი.

მოპარული სიყვარულიWhere stories live. Discover now