Corona di spine

20 4 8
                                    

ჩემებმა ეკლის გვირგვინი დაგადგეს და შეუცნობელმა, შორით მონაბერმა ქარმა არ დამაცადა შენი შველა.

გიყურე როგორ წაგსკდა სისხლი შუბლიდან და თვალებში ჩაგეღვარა. ორ-ორი კაცი გიკავებდა ხელებს, ვერ მოიწმინდე, ვერ მოგწმინდე...

ეტყობა, გლოვაში დაბადებული, ზიზღით გაზრდილი, ზედმეტად მიგამგვანეს ჩემ თავს და აღარ დაგინდეს.

მეუბნებოდნენ, სახეზე რომ იარა აქვს, ზუსტად იმ დაღივით ბოროტია, თავი დაანებეო. არადა, მამაზეციერმაც იცის როგორი წმინდა იყო შენი სული სიცხოვლეში. იმათმა შეურაცხადი ხარო, მომაძახეს.

წითლად დაღვენთილი თვალები გეწვოდა, ხმაც ვერ მოგაწვდინე.

ექსორია მოვუწყოთო, გადასძახეს ერთმანეთს. რაღაცა ჭირი შეუჩნდათ, გადაფიქრება გადაწყვიტეს.

მერე შევაჩვენოთო, მაგაზეც ხელი აიღეს.

ბოლოს, დავაშავოთო.

ჯერ ერთმა დაგკრა, შემდეგ მეორემ, ნუ გაიხარებს მაგათი მარჯვენა.

დამცირება არ გამყოფეს და იქვე, ჩემ თვალწინ, დაგფერფლეს.

მგონია, მე ვიწვოდი.

ალები შენ გიცეკვავდნენ ტანზედ, მე კიდევ, ტკივილს ვგრძნობდი.

ეგება, ჩემი სული დაიწვა, შენთან შეერთებული... და მე დავრჩი გამოშიგნული, ჩამომდნარი გვამივით ცალი ფეხი რომ სამარეში უდგას.

შეგრძნება აღარ მდევს თან, მაგრამ ცნობიერება მეუბნება, რომ, რაღაცა მანქანებით, სიყვარულს შენსავით ჰქვია. ნეტავი გამახსენდებოდეს შენი სახელი.

Ho chiamato amore il tuo nomeWhere stories live. Discover now