9310
_______
მეტროში ფეხზე მდგარი მათე დახურულ კარს ეყრდნობოდა და ყურსასმენებში მუსიკას უსმენდა. ბიძაშვილთან იყო სტუმრად და ახლა სახლში ბრუნდებოდა. დაღლილი იყო, თავი სტკიოდა.
მატარებელი მომდევნო სადგურზე გაჩერდა. ხალხის ნაწილი ჩავიდა და ახალი ტალღაც შემოვიდა. მათემ მობილურში სიმღერა შეცვალა და მოულოდნელად იგრძნო, როგორ მიშტერებოდა ვიღაც. ბიჭმა გვერდით მიიხედა და მის პირდაპირ მდგარი ანანო დაინახა. გოგონა შეშინებული უყურებდა, თითქოს მოჩვენებას ხედავდა. მათემ იგრძნო, როგორ დაუარა ძარღვებში ადრენალინმა და გულისცემა აუჩქარდა. სულაც არ იყო სასიამოვნო გრძნობა. ანანოს შავი, კაპიუშონიანი სპორტული ჯემპრი და ჯინსის კურტკა ეცვა. მათე ძალიან კარგად იცნობდა გოგონას, რათა მიმხვდარიყო, როდის იცვამდა ანანო საიმისოდ, რომ შეუმჩნეველი დარჩენილიყო - მაშინ, როცა თავს ცუდად გრძნობდა. მათემ თვალებში შეხედა. ანანომ მზერა აარიდა და ტუჩები აუკანკალდა. უცებ მათემ წარმოიდგინა, რომ ანანო ატირდებოდა და გული მიეწურა. ვერ იტანდა მის ტირილს, თითქოს ფიზიკურად სტკიოდა მასაც. ბოლოს ორი თვის წინ ნახა და ამ ხნის განმავლობაში გოგონა ძალიან შეცვლილიყო - თვალები ამოღამებოდა, თმას აღარ იღებავდა ფერადად, თმის ძირები საკმაოდ ჩამუქებოდა. მათეს არ შეეძლო მისი გარეგნობიდან კიდევ მიმხვდარიყო რამეს. მათემ უნებურად მოიხსნა ყურსასმენები და კისერზე გაიკეთა.
ანანო შეცბა. დამფრთხალმა შეხედა ბიჭს და ვიღაც კაცის ზურგს ამოეფარა.
„ჩემი ეშინია?" - გაიფიქრა დაბნეულმა მათემ. მართალია, იმ დღის შემდეგ ანანოსთან და გიორგისთან ურთიერთობა გაწყვიტა, მაგრამ არაფერი გაუკეთებია ისეთი, რომ ანანოს მისი შეშინებოდა, - „რაღაც მოხდა... ნამდვილად რაღაც მოხდა და მეც გარეული ვარ", - მათეს სუნთქვა დაუმძიმდა.
ერთ პატარა გოგოს და დიდ კაცს აუარა გვერდი და ანანოსთან მივიდა. გოგონამ ქვემოდან ამოხედა, თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე. უეცრად მათემ საშინელი მონატრება იგრძნო. პირველი კლასიდან ამდენი ხნით არასდროს დაშორებულან. ზაფხულის არდადეგებზეც კი ახერხებდნენ ერთმანეთის ნახვას.