5

500 71 23
                                    

უკვე საათები იქნებოდა გავლილი, რაც ყმაწვილი უმოძრაოდ იწვა ხმელ სავარძელზე და ჭერს იყო მიშტერებული. გული სწრაფად უცემდა, სუნთქვის კონტროლსაც არ ცდილობდა. დიდი ხანი იყო გასული, თუმცა თავს ისევ დაღლილად გრძნობდა და კუთხემდე მილასლასებასაც ვერ ახერხებდა, რომ წყალი დაელია. ალბათ ყველაფერს ისევ თავად ადრამატულებდა და ამატებდა, მაგრამ ეგონა, ცოტაც და, სული ამოხდებოდა.
ოთახში, სადაც ახლა იმყოფებოდა, მხოლოდ ის ტყავის სავარძელი იდგა, რომელზეც თვითონ იყო წამოგორებული. კუთხეში პატარა მაგიდა დაედგათ ზედ დოქით და ჭიქით. კედლები შეუღებავი იყო და სიცივეს ასხივებდა. აქაურობის იმასთან შედარება, რაც ეზოში ნახა, ნამდვილად არ შეიძლებოდა. ნორმალურად აზროვნებასაც ვერ ახერხებდა, ამიტომაც ზუსტად ვერ იტყოდა, ნაბიჯების ხმა მოესმა, თუ მართლა გაიგონა. 

-ცოცხალი ხარ? -ნაცნობი ხმის გაგონების შემდეგ, მიხვდა, რომ დიახაც ცოცხალი იყო და დიახაც, სწორად გაუგონია ხმა. 

-კი რომ გიპასუხო, შეიძლება ტყუილში ჩამეთვალოს. -ცალი თვალი მოჭუტა და დამანჭული სახით წამოჯდა სავარძელზე. სუნთქვა ისევ აჩქარებული ჰქონდა და ალბათ დიდი ხანი ვერც დაუწყნარდებოდა. 

-არ მეგონა, თუ ასე იმოქმედებდა ზედაპირული ვარჯიშები. -ჩაიცინა ყმაწვილმა და კედელს მიეყრდნო, ხელები კი ისევე გადააჯვარედინა, როგორც ყოველთვის. 

თეჰიონმა სახელით მიმართვა გადაწყვიტა, თუმცა გაახსენდა, რომ ბიჭს ყველა გვარით მიმართავდა, ამიტომაც დაიბნა და გაჩუმდა. 

-როგორ მოგმართო? -იკითხა ბოლოს დაბალი ხმით. უფროსი მიხვდა მის ფიქრებს და ამაზეც მკრთალად გაეღიმა. 

-როგორც გინდა. აქ ყველა პაკს მეძახის ჯონგუკის გარდა, ისიც ხანდახან. შეგიძლია ჯიმინი დამიძახო, მომენატრა კიდევაც სახელით მომართვა. -სწრაფად ჩაილაპარაკა და მზერა სხვა წერტილზე გადაიტანა. თეჰიონი აკვირდებოდა მის მანერებს და საუბარს. ბიჭი ძალიან სწრაფად საუბრობდა, თუმცა იმდენად გასაგებად, რომ სასიამოვნოდაც კი ხვდებოდა ყურს. ერთი შეხედვით, მტკიცე მზერა ჰქონდა, თუმცა სიღრმეში, თითქოს, სანთელივით დნებოდა რაღაც ნაპერწკალი. ჯიმინის პიროვნების ამოცნობა ადვილი არ იყო, თუმცა არც ძალიან რთული. არა იმდენად რთული, როგორც თავად ჯონ ჯონგუკის, რომელსაც ამ წამამდე თავი და ბოლო ვერ გაუგო თეჰიონმა. პაკის მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ ბიჭი მუდმივად ყალბ ხასიათს ატარებდა ქურქად, მხოლოდ წამებში გამორევდა ხოლმე საკუთარ ხასიათს და ესეც თითქმის შეუძლებელი იყო დაგეჭირა, თუმცა თეჰიონმა რამდენჯერმე შეძლო ამ ხაზის გადაკვეთა და გულში ეღიმებოდა კიდევაც იმ ყველაფერზე, რასაც ხედავდა. 

Dancing in the shadowWhere stories live. Discover now