3

800 38 1
                                    

უჩვეულო სიჩუმე მანამ გაგრძელდა სანამ მანქანა მაღალსართულიან შენობას არ მიუახლოვდა და ბერაია არ გადავიდა.სადარბაზოში შესული გაუჩინარდა და ანასტასიას საშუალება მიეცა თვალები დაეხუჭა და ღრმად ამოესუნთქა. იდილია მალევე დაირღვა, როცა კარი გამოაღეს და მხიარულად მიესალმნენ, უკანა სავარძლებზე სამი ახალგაზრდა მოთავსდა, ჯანაშია სარკიდან ყურადღებით ათვალიერებდა თავისუფლად გამოწყობილ პირებს და წამიერად შეეცადა დემეტრეს მოძებნას, მარცხენა მხარეს ოდნავ მოშორებით იპოვა თვალთვალის ადრესატი, უცხო მანქანასთან როგორ ესაუბრებოდა სარაფანში გამოწყობილ მაღალ ჩალისფერთმიან გოგონას, გვერდით კიდევ ორი უცხო ბიჭი ედგათ და ჯანაშიამ თვალები მოჭუტა თითქოს ასე უკეთ შეძლებდა მათ დანახვას.უკან მსხდომნი თითქოს ერთმანეთში საუბარს მორჩნენ და ერთ-ერთი გადავიდა.მარცხნივ მჯდომმა კი ანასტასიასთან გასაუბრება უცერემონიოდ განიზრახა.
-თქვენ ანასტასია ხართ...-რიტორიკული შეკითხვაც არ ეთქმოდა, ისე დარწმუნებით ამოილაპარაკა შავგრემანმა,ლურჯ პერანგსა და ჯინსებში გამოწყობილმა ბიჭმა...-სასტუმროს მეორე მეწილე ხო?...-ხმის ამოღებით ქალბატონი არ შეწუხებული, მხოლოდ თავის დაკვრით დაკმაყოფილდა, თუმცა მოლოგი არ შემწყდარა...-აჰაა, მე ბაჩო ვარ, დემეტრეს მეგობარი და ამ პროექტის ხელმძღვანელი ბუღალტერი.
-სასიამოვნოა...-ამოილაპარაკა ხმადაბლა და თავი სხვა მხარეს მიატრიალა...
უხერხული სიჩუმე უკვე გადამდები იყო, მანამ სანამ ჯანაშია მანქანას არ დაუბრუნდა და სასხვათაშორისოდ ამოთქვა ლუკა და დანარჩენები მეორე მანქანით წამოვლენო.მაშინვე დაძრა და მეორე ავტომობილს უკან მიყვა.ამჯერად უხერხულობა მხოლოდ ანასტასიას მტერი იყო, დანარჩენებს ეტყობოდათ ახლო მეგობრობა და საუბარიც უშუალოდ, მარტივად გამოსდიოდათ.
-არ გინდა ნომრები წინასწარ დავჯავშნოთ? ყოველი შემთხვევისთვის...-აქამდე ჩუმად მყოფმა მეორე ბიჭმა ხმა ამოიღო.
-იქნებ მოვასწროთ დაბრუნება, თუ არადა ახლომახლო სასტუმროში ადგილები არამგონია პრობლემა გახდეს ნიკო...-უდარდელად ამოილაპარაკა დემეტრემ.
-ანასტასიას პროექტი აჩვენე?...-უეცრად იკითხა ბაჩომ
-არ დაინტერესებულა...-ფაქტია, ამ მანქანაში მხოლოდ ჯანაშიას თუ წაკბენდა ვინმე, განსაკუთრებით დემეტრე ბერაია.
-არ შემოუთავაზებიათ...-ბრაზით გადახედა.
ბაჩო უკანა სავარძელზე აფუსფუსდა და ნიკოს მოთხოვა მიდი საქაღალდე ამოიღე და მიაწოდეო.მხოლოდ წამიერად მისი და დემეტრეს მზერა ერთმანეთს შეხვდა და ამ უკანასკნელმა თითქმის შეუმჩნევლად დაუქნია თავი თანხმობის ნიშნად.ანასტასიამ ფურცლებში თავი ჩაყო და ტრიდე ნახაზების,დაგეგმარების, ოთახების დიზაინის სამოთხეში აღმოჩნდა,აქ ყველაფერი სხვანაირი იყო, მათი გეგმის მიხედვით ძველი სასტუმროსგან ფერფლიც არ დარჩებოდა, ნახაზები გადატვირთული იყო თანამედროვე მინიმალისტური სტილით,შემოსასვლელი მარმარილოს დიდი ფილებით უნდა მოეპირკეთებინათ და ინტერიერი მაქსიმალურად მოერგოთ მდიდარი ადამიანების გემოვნებაზე.ასეთი სტილი ბერლინში რამდენჯერმე ნახა როცა მასთან ჩამოსული მამა უარს ამბობდა ჩვეულებრივ ჰოტელებში ღამის გათენებაზე და ხუთვარსკვლავიან სასტუმროში იდებდა ბინას.ასეთი დიზაინი სძულდა, თავს უსულოდ და უფუნქციოდ აგრძნობინებდა,თითქოს საკუთარი არაფერი გააჩნდა.ბრაზით დაკეცა საქაღალდე და თვალები დახუჭა რომ ყვირილი არ დაეწყო, რეალური, ყოველგვარი ცინიზმისგან დაცლილი, ნამდვილი ანასტასია ჯანაშიას გაბრაზებული ყვირილი.
-ცვლილებებია შესატანი...-ამოთქვა როგორც იქნა, მშვიდად.
-ეს ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია რაზეც კი გვიმუშავია.ცვლილებებში რას გულისხმობთ?...- გაურკვევლობის შეგრძნებით ჩაეკითხა ნიკოლოზი.
-ეს ტბის სახლია...-თვალები დახუჭა, როცა მიხვდა რომ ისევ შეეშალა...-სასტუმრო ტბასთანაა, ეს არაა ხუთვალრსკვლავიანი კურორტი, რომელზეც მილიონერები დაისვენებენ წელიწადში ორჯერ, იმის გამო რომ პირველ სართულზე აუზს, საუნას და სპას გააკეთებთ.
-აუზთან, სპასთან და საუნასთან რამე პრობლემები გაქვს?...-ღიმილით ჩაეკითხა ბაჩო სიტუაციის განსამუხტად.
-კი მაქვს ! უფროსწორედ არა, არ მაქვს პრობლემა, უბრალოდ....-აიბნა, ვერ მიხვდა სათქმელს ისე როგორ იტყოდა რომ პირადი დეტალები არ გაეზიარებინა, არადა იცოდა რომ სწორედ პირად ემოციებზე გადიოდა მისთვის ეს საკითხი.
-უბრალოდ ანასტასია ჯანაშია მდიდარი მამიკოს გოგოა, რომელმაც ყურადღების მიქცევა გადაწყვიტა და სასტუმროს წილსაც კი იტოვებს რომ მერე თავისი დიდი ცხვირი ყველგან ჩაყოს, განსაკუთრებით იმაში რისთვისაც თვეების განმავლობაში თავაუღებლად მას არ უშრომია...ასეა?...-წარბშეკრული დემეტრე სრული სერიოზულობით საუბრობდა და ანასტასია მიხვდა რომ სიტუაციას თავისი საუბრით უბრო დაძაბავდა, როგორღაც სისხლის მოზღვავება უნდა ჩაეხშო.
-იმას ვამბობ, რომ თუ სასტუმროს იერსახეს ასე შეუცვლით ის თავის სულს დაკარგავს, თავის მნიშვნელობას...-ამოიბურდღუნა და როცა ცინიკური ჩაცინება მის ყურთასმენას მისწვდა, გაინაბა, ფანჯარას აეკრო და გაჩუმდა.
გზას უყურებდა, არ ესმოდა სხვები რაზე საუბრობდნენ.მიხვდა რომ თავისი ოცნება აუხდენელი იყო, ამას ოცნებასაც ვერ დავარქმევდით, მომაკვდავის გაბრძოლებას ჰგავდა მისი ახირება, ერთადერთი ლამაზი მოგონება ისეთივედ შეენარჩუნებინა როგორადაც ახსოვდა.რა ეგონა, რომ დემეტრე ბერაია ეტყოდა, აჰა შენ ჩემი ფინანასები, ჩემი წილი და როგორც შენ გულს გაეხარდება ისე მოაწყვე ბავშვობისდროინდელი ლამაზი თავშესაფარიო?ახლა, როცა შორს იყო გიორგის მარწუხებისგან თითქოს გრძნობდა რომ სისულელე ჩაიდინა, ჯანდაბაში უნდა გაესტუმრებინა ის დანარჩენი დღეებიც და უკან, ბერლინში დაბრუნებულიყო. უნდა ეღიარებინა ბოლოსდაბოლოს, ამდენი წლის შემდგომ რომ ჯანაშიებს ახალი ოჯახი ჰქონდათ და ანასტასიას ადგილი უკვე დიდი ხანია მათ შემადგენლობაში აღარ არსებობდა.ავტომობილმა გზიდან გადაუხვია და გაჩერების ეფექტმა იმოქმედა, გამოფხიზლდა და მიმოიხედა,გაკვირვებით გადახედა საჭესთან მჯდომს, რომელმაც ღვედი შეიხსნა.ეგონა უცერემონიოდ გადავიდოდნენ, თუმცა მისდა გასაკვირად დემეტრე მოუბრუნდა და მშვიდად აცნობა.
-რაღაცეებს ვიყიდით გზისთვის...-პარალელურად მისკენ გადმოიხარა და ანასტასიას გაფართოებული თვალები მაშინვე დამშვიდნენ როცა მიხვდნენ, რომ ბერაია საფულეს სანივთო უჯრაში ეძებდა, მხოლოდ, მალევე გასწორდა და სასხვათაშორისოდ წარმოთქვა...-რა წამოგიღო?
-ფეხები მეც მაქვს, წამოვალ...-ზურგჩანთიდან საფულე ამოიღო და მანქანიდან გადმოვიდა.
უკან მიჰყვა ბერაიას, რომელსაც გვერდით ის უცნობი გოგონა ამოუდგა, რომელიც დილით შეამჩნია.სავაჭრო ცენტში შესულს სურდა თვალს მოშორებოდა, თუნდაც ხუთი წუთით ამ ჯგუფისგან შორს ყოფილიყო და მისთვის სრულიად საკმარისი იქნებოდა.უაზროდ დაიწყო ბოდიალი დახლებს შორის, არაფერი უნდოდა, შიმშილის გრძნობა მისთვის კარგა ხანია უცხო ხილი გამხდარიყო, მაგრამ მიზეზი უნდა ჰქონოდა ამდენი ხნით ბოდიალის გასამართლებლად.სენდვიჩებისკენ წავიდა და ისე, რომ არც კი დაკვირვებია ხელი დაავლო, ასევე სპონტანურად აირჩია რამდენიმე პროდუქტი, რომელთა ადგილიც დღის ბოლოს სანაგვეში იქნებოდა.შიდა სივრცეში სიარულისას, თვალი მოკრა ყავის პატარა მაღაზიას და მისკენ წავიდა,რიგში დგომისას მაღალ კარადაზე ჩამოლაგებულ წიგნებს თითები ჩამოაყოლა, ბესტსელერები მაინდამაინც არ უყვარდა, მაგრამ ერთ-ერთის სახელწოდებამ მისი ყურადღება მიიპყრო,ხელი წაატანა და ფურცლებში თავი ჩარგო,ორი გვერდის წაკითხვის შემდეგ ანოტაციას მოუბრუნდა და მთელ ამბავში გართულმა, ვერც კი გაიგო თანამგზავრის მოახლოება.
-ბესტსელერები მოგწონს? რატომღაც ვერ წარმოვიდგენდი...-გაკვირვებულმა მოიხედა და მის უკან ასვეტილ ბაჩოს მშვიდად უპასუხა.
-ან მანქანაში ხუთ საათიანი უხერხული მგზავრობა უნდა ავიტანო ან აქ არსებული წიგნებიდან ერთ-ერთი ამოვარჩიო და ვიკითხო, მაინდამაინც დიდი არჩევანი არ მაქვს.
-გაქვს, შეგიძლია ჩვენთან ერთად დაჯდე მაგიდასთან და ყველა გაიცნო, მერე უკვე თამამად შეძლებ ყველასთან დიალოგს...-ღიმილით, უშუალოდ დაუბრუნდა პასუხი.
-მაგიდასთან?...-იკითხა იჭვნეულად.
-ხო, დილით ისე ადრე გამოვცვივდით რომ არცერთს გვისაუზმია, ამიტომ წამოდი, თორემ ვერ მოასწრებ...-ხელი წაატანა მკლავზე მხიარულად, თუმცა ანასტასიამ იუცხოვა, ერთი ნაბიჯით უკან წავიდა და წარბშეკრული დააკვირდა.
-არა, მირჩევნია ყავა და ეს წიგნი ავიღო, მერე კი მანქანაში დაგელოდებით...-მტკიცე იყო მისი ნათქვამი და ადრესატი მიხვდა რომ აზრს ვერ შეაცვლევინებდა.
-კარგი, მაშინ სანამ ყავს იყიდი დემეს გასაღებს გამოვართმევ...
ანასტასიამ დათანხმებაც ვერ მოასწრო ისე უცებ შეტრიალდა ბიჭი და მოშორდა. თავი გაიქნია და ღიმილით წავიდა კონსულტანტისკენ, ყავა შეუკვეთა და წიგნი მიაწოდა გასატარებლად.გადახდის შემდგომ, სანამ ყავას ელოდებოდა ირგვლივ სივრცის თვალიერება დაიწყო და მალევე მადლობა გადაუხადა ღიმილიან გოგონას.ბაჩო მალევე მოვიდა და მანქანისკენ თავადაც გაყვა.ჯანაშია ვერ ხვდებოდა, ეს ხალხი სულელი იყო და ვერ აანალიზებდნენ რომ მანქანაში მარტო ყოფნის გამო ბრუნდებოდა, თუ სპეციალურად ცდილობდნენ მის გაღიზიანებას.ავტომობილში მოთავსებულმა ხელები გაითავისუფლა თუ არა, ეცადა წიგნში ჩამძვრალიყო და კიდევ ერთი საუბრისთვის თავი აერიდებინა. გაუმართლა მის უკან მჯდომს ტელეფონზე დაურეკეს და ისიც გადავიდა. ფანჯრიდან გახედა და მიხვდა რომ მოწევასა და საუბარში გართული ბატონი ბაჩო კარგა ხანს არ დაუბრუნდებოდა მანქანის სივრცეს.მოდუნდა, მუხლებით მიეყრდნო სანივთო უჯრას და წიგნი მოითავსა, მერე ხელისგულებში ყავის სითბო მოიქცია და ფურცლებში ჩაიძირა.
ნაწარმოები საინტერესო გამოდგა, იმდენად რომ ვერ გაანალიზა როგორ დაუბრუნდა დემეტრე ჯანაშიას ატმოსფერო მანქანას, სწრაფად ჩამოსწია მუხლები ქვემოთ და წელში გასწორდა. სამივე მათგანი ადგილებს დაუბრუნდნენ და სანამ მანქანას დაძრავდა, ისე რომ მისკენ არც გამოუხედავს, მშვიდად თქვა.
-ისე მოთავსდი როგორც კომფორტულად მოგეჩვენება, კიდევ დიდი გზაა წინ.
პასუხი არ გაუცია, არც ძველებურ მდგომარეობას დაბრუნებია, უბრალოდ ფეხი ფეხზე გადაიდო და ფანჯარას მიყრდნობილმა ცალ ხელში წიგნით, ცალ ხელში უკვე შემთბარი ყავით გააგრძელა კითხვა.მხოლოდ გაკვრით ესმოდა რაზეც საუბრობდნენ, თუმცა თავად დიალოგში ჩართვის სურვილი არ გასჩენია.აპირებდა მთელი გზა უხმოდ გაელია.მის მუხლებში ტელეფონი აწკრიალდა და ყურმილიდან ნაცნობი ხმები მოისმა.
-ტასო არ გრცხვენია? კოსტაა ჩემთან და მითხრა ჩამოვიდაო...
-ვეღარ მოვახერხე დარეკვა...-ჩუმად ამოთქვა.
-გამო, გოგოები ვართ და კოსტაა ნოესთან ერთად, საღამოს სადმე გავიდეთ.
-ვერა, სასტუმროში მივდივარ ახალ მეწილესთან და მის თანამშრომლებთან ერთად...
-გვემალები?
-არა, მართლა ვერ მოვახერხებ, სხვა დროს იყოს.
-მაშინ ხვალ, რომ ჩამოხვალ დამირეკე, იცოდე...-უეცრად სიცილის ხმა მოესმა და ამჯერად უკვე ტელეფონიდან ნოეს ხმა გაიგო...-გოგონი იმედია ნამუსი გაწუხებს, კოსტასგან არ უნდა ვიგებდე შენი ჩამოსვლის ამბავს...-პასუხის გაცემას ამ სულელურ, ერთიდაიმავე დაზეპირებულ წინადადებაზე აღარ აპირებდა...-ალო, აქ ხარ? კარგი კარგი, არ გაბრაზდე, ხვალ მოახერხებ გამოსვლას?
-კარგი ხვალ გამოვალ...-ამოილაპარაკა მობეზრებით.
-მპირდები ? იცოდე სიტყვაზე გიჭერ.
-კარგი ნოე, ხვალ აუცილებლად. გპირდები.
აღარ დალოდებია საუბრის გაგრძელებას ისე გაუთიშა. წიგნში თავით რომ არ ყოფილიყო გადავარდნილი შეამჩნევდა, რომ მანამდე გაცხარებით მოსაუბრე სამეული, ყურადღებით უგდებდა ყურს მის საუბარს და თითოეულმა თავისებური დასკვნა გამოიტანა ნოეს ვინაობაზე.გზას გახედა და მიხვდა რომ მხოლოდ ნახევარი საათი იყო დარჩენილი და ნაცნობ ადგილს ხელგაშლილი შეეგებებოდა.
თუ როდისმე მშობლიური სახლიდან შორს, დიდი ხნით წასულხართ და თუკი მშობლიური სახლი თქვენთვის სიმშვიდის და სიყვარულის ანალოგიას წარმოადგენდა, მაშინ მიხვდებოდით რას ნიშნავდა ჯანაშიასთვის ნაცნობ ადგილას დაბრუნება. თვალებგაფართოებული გადმოვიდა მანქანიდან, ნელი ნაბიჯით წავიდა უკვე დაძველებული, ხავსმოკიდებული კედლებისკენ რომლებსაც გარდასული დღეების სიმარტოვე, მოუვლელობა გარშემო შემოეკრიბათ და ფართოდ გამოეფინათ. წვიმისგან სანახევროდ ჩამოშლილი გარე ფასადი აღარ იყო ხასხასა მონაცისფრო, უკვე სიშავისკენ მიდიოდა და მრავალწლიანი ნესტისგან ობი მოეკიდებინათ. ანასტასიას დაავიწყდა რომ მარტო არ იყო, განცვიფრებული შესცქეროდა ნაცნობ მაგრამ გაუცხოვებულ შენობას და ბოღმა ახრჩობდა სარეველათი გადავლილი ეზოს შემყურეს.მოზომილი ნაბიჯით მიუახლოვდა, მუხლებში სისუსტეს გრძნობდა, ყელში თითქოს რაღაც გაეჩხირა, თითები აამოძრავა და სახე ახლოს მიიტანა, თითის ბალიშები მიადო სიმარტოვისგან დაბეჩავებულ შენობის კედელს და ამოისლუკუნა, წამიერად მოუნდა სრულიად მარტო ყოფილიყო და ამდენი ხნის ნაგროვები თავშეკავება ქვითინად ექცია.ყურთასმენას საიდანღაც მისწვდა მშობლიური ხმა, გონებამ გაიხსენა ბავშვობაში დატოვებული მოგონება და მისკენ მოაბრუნა.
-თუ გამოცანას ეჩურჩულები ვერ გიპასუხებს, დაბერდა...-ხმამაღალი იყო მოგონების ხმა, მისკენ მიბრუნდა და ის იქ იდგა ხორცშესხმული, გაზრდილი, მაგრამ ისევ ისეთი თმააბურდული, მანქანას მიყრდნობოდა და მთელი სახით იღიმოდა.
-კიტაააა...-ბავშვობის მოგონებამ ბავშვურობა ხმაშიც გაუღვიძა და თავადაც სახეგაბადრული მისკენ გაიქცა.
ბერაია, თავისი თანმხლები პირებით, ახლოდან ადევნებდა თვალს მოვლენებს.ეუცნაურა, როცა მისთვის სულ მუდამ მოღუშული, პრობლემების შემქნელი და არამკითხე მოამბე გოგონა, ხელებგაშლილი გაიქცა მაღალი, შავგრემანი ბიჭისკენ და ჩახუტებული ჰაერში პატარა ბავშვივით, სახეგაბადრული დააბზრიალეს. მიწას დაბრუნებული კი აღტაცებული შეჰყურებდა და იმეორებდა არ შეცვლილხარო.ყურადღება მომავალ ავტომობილზე გადაიტანა, რომელიც მათ გვერდით გაჩერდა და იქედან შუახნის წყვილი გადმოვიდა. ამჯერად ქალი თვითონ წამოვიდა ანასტასიასკენ და მოუთმენლად ჩაიკრა გულში.
-ჩემო ლამაზო, რამხელა გოგო გაიზარდე, როგორ გალამაზდი, შეიცვალე...-იმეორებდა ქალი და ვერ ძღებოდა მონატრებულის ფერებით.
-ელიკო, ელიკო...-იმეორებდა სახელს და თვითონაც მაგრად უჭერდა მკლავებში მოქცეულს...- აქ ასე მალე როგორ გაჩნდი?
-გიორგიმ დამირეკა და მითხრა რომ ჩამოხვიდოდი, კიტა უკვე დიდი ხანია გიცდის, როგორც კი დამირეკა აქ არიანო ზურამ გამომაქცუნა...-უცებ აჟიოტაჟი შეწყვიტა, თვალებით ძებნა დაუწყო და მანქანაზე მიყუდებულს, სევდარევ ღიმილიანს წააწყდა.გაახსენდა რომ ბავშვობაშიც სულ ერიდებოდა მისი, მაგრამ თუ გაუღიმებდა სამყაროში ყველაზე ბედნიერი ეგონა თავი.დარცხვენილი წავიდა მისკენ და ორივემ უჩუმრად გაცვალეს ჩახუტების სითბო.
ანასტასია უკვე სახლში იყო, საერთოდ არ აინტერესებდა ბერაია, თავისი გუნდით, როგორ გაიკვლევდნენ გზას ან საერთოდ გაიკვლევდნენ თუ არა, კვიციანების ოჯახთან ერთად შევიდა შენობაში და ნელ-ნელა დაუწყო სიტუაციის ახსნა.რამდენიმე წუთში მათთან ბერაია, ნიკოსთან და იმ ახალგაზრდა ჩალისფერთმიან გოგონასთან ერთად გაჩნდა.კიტა სათითაოდ გაეცნო და როგორც აღმოჩნდა გოგონას ლიზა ერქვა, ისიც პროექტის ფარგლებში იმუშავებდა.საუბარიდან მალევე გაირკვა რომ კიდევ ერთხელ საფუძვლიანი დაკვირვებით, პირველ რიგში სახურავის და გარე ფასადის შეკეთება უნდა დაეწყოთ, რისთვისაც იმაზე მეტი მუშა დასჭირდებოდათ ვიდრე თბილისიდან ჩამოყვანას შეძლებდნენ.სასტუმროს გარშემო დიდი სოფლები იყო, ამიტომ ზურა კვიციანმა დანამდვილებით უთხრა რომ მუშაობის მსურველი ბევრი გამოჩნდებოდა.თავისთავად დემეტრემ შესთავაზა რომ როგორც თბილისიდან წამოიყვანა მუშების ხელმძღვანელი პირი, ისევე სურდა ზურაბსაც მსგავსი პასუხისმგებლობა შეეთავსებინა, ოღონდ სოფლიდან მოყვანილი მუშების მიმართ და შესაბამისი ანაზღაურებაც მიეღო.
-მე არც არქიტექტორი ვარ და არც ინჟინერი, შენება მხოლოდ ჩემს ეზოში შემიძლია, ისიც იმიტომ რომ თუ რამე არასწორად გამოვა ჩემ თავთან შევრცხვები მხოლოდ...
-არა, მშენებლობის ხელმძღვანელობას არ გთავაზობთ, უბრალოდ მე ვერ დავივლი და ვერ მოვიძიებ მუშაობის მსურველებს.აქ ცხოვრობთ, ყველას იცნობთ, უბრალოდ მოიყვანთ და თუ დააგვიანებენ, არ მოვლენ, წასვლას გადაწყვეტენ თქვენ მეტყვით...
-არ ვიცი, მეგონა ბაღს მივხედავდი, როგორც აქამდე...-ხელები გაასავსავა კაცმა და დინჯად დახარა თავი.
-ზურა ბიძია სასტუმროს მებაღე იყო და ეს მიწა სანტიმეტრებით იცის.იცის სად გაიხარებს ყვავილი და სად ხეხილი...-ღიმილით თქვა ანასტასიამ და ქვეშქვეშად გახედა ბერაიას.
-თქვენ მაგ საქმისთვის ახალგაზრდები გჭირდებათ, ძალა რომ ერჩით და მაგარი მუხლი აქვთ, ამიტომ კიტა უფრო გამოგადგებათ, სანამ აქ არის გამოგადგებათ, მერე კი თქვენ თვითონაც ყველას გაიცნობთ და აღარ დაგჭირდებათ...-გულწრფელად წარმოთქვა უფროსმა კვიციანმა.
- მაშინ კიტა იყოს...-დაეთანხმა ბერაია.
-მაგრამ მებაღე უკვე ავარჩიეთ და ერთ კვირაში ჩამოვა...-გაკვირვებით და ერთგვარად ამპარტავნულად წარმოთქვა ლიზამ, მერე ბერაიას დააკვირდა და თვალით რაღაც ანიშნა.
-მართალია, სამწუხაროდ მებაღე უკვე კარგა ხანია ავარჩიეთ...-დაფიქრებით გაიმეორა დემეტრემ.
-ეგ არაფერი, მე უბრალოდ ვთქვი...-იხტიბარი არ გაიტეხა ამ ხნის კაცმა.
ანასტასიას შეპასუხება უნდოდა, მაგრამ სამეული უეცრად მოშორდათ როცა ბაჩომ უკანა მხრიდან მოუხმოთ.ნირწამხდარი ჯანაშია კვიციანებს მოუბრუნდა,უნდოდა რაღაც ეთქვა მაგრამ სათქმელი ყელში ეჩხირებოდა,სიტუაცია ელისაბედმა შემოაბრუნა,თავისი უეცარი შეცხადებით, ამ ლაქლაქში სულ დამავიწყდა რომ წიწილები შესაწვავი დამრჩაო და გაკვირვებულ ანასტასიას მოუყვა, დილიდან, რაც გიორგიმ გააგებინა შენი გოგო ჩამოვაო, როგორ დაფუსფუსებდა სუფრის გასაშლელად.აქ ახლომახლო ვერსად ისადილებთ და ჩემთან უნდა წამოხვიდეთო. თავიდან ჯანაშიამ იუარა, საერთოდ არ ეპიტანავა ბერაიას და მისი თანმხლები პირების ისეთ კარგ ოჯახში ფეხის შებიჯება როგორიც კვიციანების იყო, მაგრამ ქალი გიჟდებოდა, ამდენი იმისთვის კი არ ვიწვალე რომ ცარიელ სუფრასთან დავჯდეო.რას იზამდა, გაჩუმდა და დაყვა.შესთავაზეს ჩვენთან ერთად წამოდიო, მაგრამ დარჩენა უნდოდა, ამდენი წლის შემდეგ შანსი ჰქონდა ის ოთახი ენახა, რომელიც ხელუხლებელი იყო და ელოდა.სანამ ვინმე შევიდოდა და თავისი თანამედროვე ტრიდე ნახაზებით მოინდომებდა განადგურებას, უნდა ენახა. კიტა გასაცნობად მიიხმეს და მას შემდეგ რაც კვიციანები სახლისკენ წავიდნენ, კიბეებს აუყვა.ოტახი, რომელზეც ამდენს ფიქრობდა სხვენში იყო, ყველაზე მაღალ გუმბათში, მორკალული დარაბებით და შუშაბანდით.სიძველისსუნადინებულ კარს ხელი ჰკრა და შეაბიჯა.
ნესტის სუნი ცხვირში ეცა, ვარდისფერ ყვავილებიანი ხასხასა შპალერისგან, ნახევრად ჩამოფლეთილი, მზისგან გადახუნებული, ძლივს გასარჩევი სინაცისფრე შერჩა ხელში.მისდა გასაკვირად ოთახი სუფთა იყო, საწოლის გადასაფარებელს და თეთრეულს ეტყობოდა რომ ვიღაცას საგულდაგულოდ გაერეცხა.მოვლის და მზრუნველობის კვალი თითოეულ ავეჯს ეტყობოდა და ანასტასია მიხვდა რომ ელიკო წლების განმავლობაში მუდმივად ალაგებდა აქაურობას .თითებით მიეფერა ძველებურ ტუმბოზე ჩამოდებულ გრამაფონს, სასხვათაშორისოდ მიედ-მოედო თაროებზე ჩამწკრივებულ, ფურცლებგაყვითლებულ წიგნებს.კარადა გამოაღო და შეცბუნებამ სხეულში დენის დარტყამასავით გაუარა, გაშეშდა.
კარგა ხანს აკვირდებოდა საკიდებზე დიდი სიფრთხილით განაწილებულ კაბებს. მომაკვდინებელი ცოდვასავით ჟღერდა მათი შეხება, მაგრამ შეშინებულმა მაინც გაბედა ხელის შევლება.ჯერ ფრთხილად, დიდი მოწიწებით გამოაცალკევა დანარჩენებისგან, მერე გულთან მიიკრა, საწოლზე ჩამოჯდა და დააკვირდა.მუქი ლურჯი, წითელი კოპლებით, საგულდაგულოდ დაუთოებული და მაინც ისეთივე რბილი როგორც ბავშვობაში.სიმწრისგან ნაჭერი მოჭმუჭნა, ხელისგულებში მოიქცია, ცხვირთან მიიტანა, მაგრამ სუნის ნატამალიც ვერ იგრძნო.ყელთან ამოსულმა და იქ გაჩხერილმა ბურთმა უმტყუნა, საცოდავად ამოისლუკუნა და საწოლზე ემბრიონის ფორმაში მოიკუნტა.
დამფრთხალმა გაახილა თვალები, უცებ წამოხტა და მიმოიხედა,ვერ მიხვდა როდის ჩაეძინა, საათს დახედა და სუნთქვა შეანელა.დიდი ხანი არ იყო გასული, ხუთი საათი სრულდებოდა. კაბა მუხლებიდან მოიშორა და სახე მოიფშვნიტა.ფრთხილად მივიდა შუშაბანდთან, ეზოს დააკვირდა და გონება გაუნათდა, იცოდა რაც უნდა გაეკეთებინა. მაშინვე დაეშვა კიბეებზე, პირველ სართულზე ჩასულს ხმები ესმოდა და ბიბლიოთეკისკენ წავიდა. შესულს ოტახში ნაცნობი სახეები დაცვდა, დიდი მაგიდის გარშემო შეკრებილნი გაშლილ პროექტს აკვირდებოდნენ და თან გაცხარებით განიხილავდნენ.სწორედ ამიტომ იყო რომ მისი მიკნავლებული ხმა დაიკარგა, არავის გაუგია.უფრო თამამად სცადა,უფრო ხმამაღლა.
-დემეტრე საქმე მაქვს.
-ახლა არ მცალია...-სასხვათაშორისოდ მიუგდო კაცმა და ისევ ლიზასთან გააგრძელა კამათი.
-აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ...-მოთმინება დაკარგულმა ხმამაღლა წამოიძახა და წამიერად გადაფარა ყველას სათქმელი.ბერაია მობეზრებული სახით მოუბრუნდა.
-ანასტასია ახლა არ მცალია შენი კაპრიზებისთვის, საქმეს მოვრჩებით და მერე მითხარი რომელმა მწერმა გიკბინა...-არც შეუხედავს ისე მიუგდო
პასუხი,ნახაზებში ლიზასთან ერთად ჩაკარგულმა ისიც არ მოინდომა რომ წამით შეეხედა.
-ნენე რამე გჭირდება?...-ფრთხილად, მორიდებით ჰკითხა კიტამ და თბილად გაუღიმა.ამან თითქოს ოთახში მყოფებზე იქონია გავლენა.ყველანი გაკვირვებით მიაშტერდნენ ორივეს.გამონაკლისი ბერაიაც არ იყო, წარბაწევით გადმოხედა ჯანაშიას და მიხვდა რომ ოთახში უცხო არავინ იყო.ანასტასია ადგილს მოწყდა, დემეტრეს მკლავს ხელისგული შემოაჭდო და მკაცრად განუცხადა "რომ ვამბობ ვილაპარაკოთ, ვლაპარაკობთ!"-ო და თავისკენ უბიძგა,გაკვირვებული ბერაია მორჩილად მიჰყვა უკან და ყურადღება არ მიუქცევია ოთახში მყოფების მზერისათვის, რომელთა უმეტესობა ეშმაკური ღიმილით აყოლებდა თვალს და მხოლოდ ერთი იცქირებოდა ეჭვიანად და გაბოროტებით, ზურმუხტისფერი თვალები ლიზას ეკუთვნოდა.
ჯანაშია ბერაიას კიბეებზე მიათრევდა და ხელის გაშვებას არც აპირებდა, ისიც თავის მხრივ დაინტერესებული მიჰყვებოდა.ზღურბლს გადასცდნენ და აქამდე ზურგშექცეულმა ეკატერინემ ხელი უშვა, მისკენ შემობრუნდა და დააკვირდა. ბიჭმა ოთახს მიმოავლო თვალი და როცა დაკვირვებას მორჩა, მასზე შეაჩერა მზერა.ხელები გაშალა და ჟესტებით ანიშნა, აბა გისმენო.
-გახსოვს კომპრომისზე რომ ვლაპარაკობდით?...-მშვიდად იკითხა.
-ეგ ისაა, წარმოდგენაც რომ არ გაქვს რას ნიშნავს?...-სარკაზმს არც ამჯერად იშურებდა.
-მოვრჩეთ წაკბენებს...სერიოზულად, კომპრომისი გინდოდა და გთავაზობ...-როგორც კი სახიდან დამცინავი ღიმილი მოიშორა და საქმიანი იერი მიიწება, მაშინვე განაგრძო ანასტასიამ...-არ ჩავერევი სასტუმროს პროექტში, როგორც გინდა ისე მოაწყობ, ფინანსებს გავიყოფთ და მე ჩემს ტყავში დავეტევი.
-სანაცვლოდ?...-დიდხანს ელოდა გაგრძელებას თუმცა მიხვდა რომ არ იქნებოდა, ამიტომაც ჩაეკითხა.
-სანაცვლოდ შენ ბაღის პროექტს მომცემ და არ ჩაერევი, მას ისე მივხედავ როგორც საჭიროდ ჩავთვლი, იმ ადამიანის დახმარებით ვინც მე მომინდება...-თითქოს რაღაც ავიწყდებოდა, რაღაც რაც ასე მნიშვნელოვანი იყო, ჩაფიქრდა და მერე გონება გაეხსნა, წამოიძახა...-ხო და სასტუმროში მხოლოდ ამ ოთახს არ ახლებ ხელს, მასაც მე მომცემ, ჩემი ოთახი იქნება, ჩემი საკუთარი ოთახი.
-ანუ გინდა რომ ბაღს და ამ ოთახს საერთოდ არ გავეკარო და სანაცვლოდ მხოლოდ იმას მთავაზობ რაც ისედაც ჩემია ? ...-სარკასტულად ამოთქვა და არხეინად ჩამოჯდა ლოგინზე, თუმცა გაწიწმატებული ანასტასიასგან შეუმჩნევლად კაბას გაკვირვებით შეავლო თვალი,ტასო მის პირდაპირ დადგა და ხელების შლა დაიწყო.
-არააა, შენი არ არის, მხოლოდ შენი არაა, ჩემიცაა.
-ხო ჩვენია, მაგრამ შენ იმაზე მეტს იღებ ვიდრე მთავაზობ, ეზო, თავისი ტბით, ხეხილის ბაღით და ჩემს სივრცეშიც იჭრები, სასტუმროში ოთახი უნდა დაგითმო...ოთახის სანაცვლოდ რაღაც უნდა მომცე და გავსწორდებით.
-რა?...-გაკვირვებით იკითხა ანასტასიამ და ბერაიას მოქმედებებს გაფაციცებით მიადევნა თვალი. ნაცრისფერთვალა დემეტრე მისკენ მოდიოდა, სამი ნაბიჯის გადადგმა უსასრულოდ გაწელა დროში, უცნაურად ანთებულ სახეზე მზაკვრობა დასთამაშებდა და როგორც კი მინიმალურად შეამცირა მანძილი მასსა და ჯანაშიას შორის, ზემოდან დააკვირდა ერთი თავით დაბალს, შეშინებულს და აბუზულს.თვალებში ჭინკები აუცეკვდნენ და ტანში სასიამოვნოდ დაუარა მოსალოდნელი ეფექტის შეგრძნებამ.მძიმედ გადაყლაპა ანასტასიამ ნერწყვი და ძლივს ამოიხრიალა...-სხვაგან ისუნთქე.
-გაწითლდი, თითქოს დაგცხა, არადა სასიამოვნო სიგრილეა...-ცეცხლზე ნავთს უსხამდა ბერაია და აშკარად ეტყობოდა მის სიფათს როგორ ერთობოდა.
-უბრალოდ ჰაერი არ მყოფნის...-ამოიჩურჩულა და ეცადა გვერდზე გაეხედა, თუმცა უარესი აღმოჩნდა, დემეტრეს ცხელი სუნთქვა ახლა სახის მაგივრად კისერზე ევლებოდა და ეს უფრო უხუთავდა სულს.უკვე სასოწარქვეთილმა ამოიჩურჩულა...-კომპრომისზე თანახმა ხარ თუ არა?
-რათქმაუნდა...-ანასტასიამ გაკვირვებით ახედა...-რაც უფრო ნაკლებად გამეჩხირები თვალში მით უკეთესი...-ზიზღით ამოილაპარაკა და ერთიანად მოშორდა.კარისკენ წასულს გზაში დააწია გამოფხიზლებულმა კითხვა.
-მაგრამ სანაცვლოდ რა უნდა მოგცე? თუ არ მეტყვი, ვერ შევთანხმდებით.
-ის არა, რაზეც შენ ორი წუთის წინ ოცნებობდი...-დამცინავად მოუბრუნდა, მხოლოდ წამიერად და უკვე ზღურბლს გადამცდარმა მოაძახა...-მთავარია გახსოვდეს რომ ერთი კოზირი ყოველთვის ჩემს მხარესაა, ნენე.








🍒ალუბლის სიტკბო🍒Wo Geschichten leben. Entdecke jetzt