თავი I - ლანდი

43 4 2
                                    

თოვს... ჩუმი სიცივე ძვალსა და რბილში ატანს. გარშემო ისეთი სიბნელეა, თვალთან თითი რომ მიიტანო, ვერ დაინახავ. მიწაზე დაფენილი ფაფუკი თოვლი მუხლამდე მწვდება. მოძრაობა მიჭირს, ისე ყინავს სუნთქვაც კი რთულია. აღარ მსურს ბედთან ჭიდილი, მინდა დავნებდე, მაგრამ როგორც კი ამას გავივლებ თავში, იძულებული ვარ ვიკითხო:

- და მაინც რატომ?.. ნუთუ მხოლოდ ამად ღირს მოგონებები, გრძნობები, ამბიციები... ნუთუ ყოველი ეს აქ, უკაცრიელ ხეობაში უნდა დასრულდეს, გაუფერულდეს და დავიწყებას მიეცეს? ეს ხომ სისულელეა...

კარგა ხანია უმიზნოდ დავხეტიალობ. ამ აზრსაც ბევრჯერ გაუვლია თავში, მაგრამ უკვე ფიქრიც მეზედმეტება. აზრები ვეღარ აყუჩებენ ტკივილს. თვალებს ძლივს ვახელ, გონება მებინდება და ყველაფერი ერთმანეთში ირევა. ფეხებში გრძნობას მთლად ვკარგავ და თოვლში ვეფლობი. დაბინდულ გონებაში მოლოდ ორი ფრაზაა შემორჩენილი, უკვე ერთ-ერთი იმარჯვებს:

- აქ არც თუ ისე ცუდი უნდა იყოს, მსგავსი ხომ... - აზრი გამიწყდა.

მინდოდა დარჩენილი ენერგია მომეკრიბა და მეყვირა. მინდოდა მეყვირა რაც ძალი და ღონე მქონდა. მინდოდა ჩემი ხმა მთელ იმ უკაცურ ხეობას გაეგონა. მინდოდა იმ მთებს მოესმინათ გოროზად რომ დამყურებდნენ. მინდოდა იმ ხეებს გაეგოთ ამრეზით რომ უცქერდნენ ჩემს საცოდაობას, მაგრამ ყველაზე მეტად მინდოდა მე გამეგო... მინდოდა გამეგო ისეთი სუსტი არსების ხმა როგორიც თავად ვიყავი... მაგრამ ვერა. ხმა ვერ ამოვიგე და ის განწირული კივილი რომელიც გონებაში განუწყვეტლივ მესმოდა უბრალო ამოკნავლება გახდა. ბოლო გაბრძოლება სიკვდილამდე.
ნელ-ნელა ფაფუკი საფარის ნაწილი ვხდები და ვცდილობ ცოტა ხნის წინ წამოწყებული წინადადების გაგრძელებას, ან დასასრულს მივაგნო, მაგრამ ეს შეუძლებელია. ჩემში კვლავ ქაოსია. არ ვიცი როგორ, მაგრამ მახსოვს როგორღაც გამოვარკვიე ერთი ყველაზე სულელური კითხვა, რომელზეც კარგა ხანს მოუწია ჩემს თითქმის გაყინულ ტვინს. ეს აზრი მაშინ დამებადა, როცა გათოშილ ყურებში სუსხიანი ნიავი დამცინავად ჩამსისინებდა და მეც, თითქოსდა მიშნისმოგებით ჩავიბუტბუტე"

- ნეტავ სიკვდილი რა ფერია? - ვთქვი ეს და... ყველაფერი გაჩერდა. თითქოს დაქანცულმა საათმა ისრები წამით შეაჩერა სულის მოსათქმელად და ეს წამი მთელ ჩემს სიცოცხლეზე მეტხანს გაგრძელდა.

როგორც კი იმ სიტყვებმა გამიელვეს თავში, მე შევწყვიტე ყველა დანარჩენზე ფიქრი. ახლა, მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებდა, მხოლოდ ერთი კითხვა დაბორიალობდა უგზოუკვლოდ იმ ფერფლად ქცეულ ტყეში ოცნებების ზღვას რომ ვეძახდი. ახლა ეს კითხვა აბობოქრებულ ტალღებს დაშლილი ნავივით ებრძოდა და თითქოს იმარჯვებდა კიდეც. ჯანდაბა! ნეტავ მართლა რა ფერი უნდა იყოს ეს სიკვდილი? არ ვიცი. და რატომ? როგორ შეიძლება არ შემეძლოს ამ სისულელეს თუნდაც უფრო უაზროდ ვუპასუხო? და მაინც... რა ფერია სიკვდილი?! ნეტავ ვინმე მიპასუხებდეს, სიტყვას შემაშველებდეს და მიხვდებოდეს მე რა ფერებში ვხედავ სამყაროს... არსებობს ასეთი ვინმე? გასცემს სიკვდილი ამ კითხვებს პასუხს? არ ვიცი...ნეტავ ამით დასრულდეს... ნეტავ...

სიკვდილის ოთხი ფერიWhere stories live. Discover now