თავი პირველი

170 18 18
                                    

თითქოსდა მარადიული წყვდიადის შემდეგ ყველაფერს ნათელი მოეფინა.

ფეხის თითების ამოძრავება ვცადე და შევძელი კიდეც.
საავადმყოფოში საწოლზე გულაღმა ვიწექი და ორივე ფეხი თაბაშირში მქონდა ჩასმული, მაგრამ ამას დიდად აღარ ვდარდობდი.

თვალები სამჯერ მაგრად დავხუჭე და სივრცემ თანდათან ოთახის ფორმა მიიღო.

ვერაფრით მივმხვდარიყავი, სად ჯანდაბაში ვიყავი.

მალე ჩემმა დაბინდულმა გონებამ ნელ-ნელა გამოცოცხლება დაიწყო და ცხადად აღიდგინა ზოგიერთი რამ. უთენარი ღამეები, სანიტრები და ნემსები გამახსენდა. როგორც კი გონზე მოსვლას ვიწყებდი, მოდიოდნენ და რაღაც წამალს მიკეთებდნენ. ჰო, ყველაფერი სწორედ ასე იყო. მაგრამ ახლა თავს კარგად ვგრძნობდი, ყოველ შემთხვევაში, წინანდელთან შედარებით. ახლა კი ნამდვილად მოუწევთ ამ რაღაც უაზრო მკურნალობის შეწყვეტა. მაგრამ შეწყვეტენ კი? ვინ იცის, იქნებ არც შეწყვიტონ. უეცარმა შიშმა ამიტანა ამის წარმოდგენაზე.

ამ ადამიანთა ზრახვების სიწმინდემ დამაეჭვა. გავაცნობიერე, რომ ნარკოტიკებით ვიყავი გაჟღენთილი და თუ უკვე დაიწყეს ამის კეთება, ვიტომ ახლა რატომ უნდა შეეწყვიტათ? მით უმეტეს, თუ ამ საქმეში ფულიც ჰქონდათ აღებული.

ამიტომაც მირჩია შინაგანმა ხმამ - ჩემი სულის ყველაზე ავმა და ყველაზე უფრო ბრძენმა ნაწილმა, - ცივი გონებით მემოქმედა და თავი ისე დამეჭირა, თითქოს კვლავაც გაბრუებული ვიყავი.

ასეც მოვიქეცი.
დაახლოებით 10 წუთის შემდეგ ოთახში მედდამ შემოიხედა. რა თქმა უნდა, თავი მოვიმძინარე. კარი ჩუმად მიიხურა.
ამ დროის განმავლობაში კი ნაბიჯ-ნაბიჯ აღვიდგინე, თავს რაც გადამხდა.

ბუნდივნად გამახსენდა, რომ რაღაც უბედურება შემემთხვა. ამას რა მოჰყვა უკვე ცუდად მახსოვდა, მაგრამ მანამდე რა იყო წარმოდგენა არ მქონდა. ის კი კარგად ვიცოდი, რომ თავიდან ჩვეულებრივ საავადმყოფოში ვიყავი, აქ კი მოგვიანებით გადმომიყვანეს. მაგრამ ჩემი აქ გადმოყვანის მიზანს ვერ ვხვდებოდი.

ჩოსონის შვიდი პრინცი Where stories live. Discover now