თავი მეცამეტე

51 7 13
                                    

ილიანის თბილი ტუჩები კოცნას ისევ განაგრძობდა. რამდენჯერაც არ უნდა მეცადა შეწინააღმდეგება, უძლური ვიყავი. მთვარე, რომელიც ზემოდან დაგვცქეროდა, ჩემთან ერთად ბურანში იყო გახვეული. ეს ის ლაბირინთი იყო, რომლიდანაც გამოღწევა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა.

ილიანმა ნელ-ნელა მომაშორა თავისი ბაგეები და მისი ძლიერი სუნთქვა ჩემს ყურებს როგორც სიყვარულის ბალადა, ისე ჩაესმოდათ. ერთი ხელით ჩემს სახეს ეფერებოდა, ხოლო მეორე ხელით ნიღაბს მიკეთებდა. თვალებში ყურებას არ წყვეტდა, მაგრამ მისი ემოციების წაკითხვა არ შემეძლო. დამაბრმავა... გრძნობების კორიანტელი ჩემზე თავდასხმას არ წყვეტდა. შუბლზე მაკოცა, მშვილდი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ხელიდან დამივარდა, კვლავ მყარად დამაჭერინა და აუღელვებელი ნაბიჯებით ჩემი თვალთახედვიდან გაუჩინარდა.

კედელზე მიყრდნობილი, გაოგნებული ვიყურებოდი. ეს სიზმარი იყო? და თუ სიზმარი იყო, გაღვიძება არ მინდოდა. ჰალუცინაცია იყო? და თუ ჰალუცინაცია იყო, გამოფხიზლება არ მინდოდა. გული ლამისაა საგულედან ამომვარდეს. რატომ? რატომ ვიკარგები ამ გრძნობებში? რატომ არ შემიძლია თვალების გახელა და სამყაროს უფრო უკეთ დანახვა?

მთვარის დამათრობელი შუქი ქუჩებს ანათებდა და მეც ამ სინათლეს მივყვებოდი. ფიქრებში გახვეული ყველაფრის დალაგებას ვცდილობდი. ჩემი სამყარო, რომელიც ილიანის გამოჩენამდე ერთ ფერში იყო, ახლა უამრავ სიახლეს ხედავდა. ფერებთან ერთად პეპლები გაჩნდნენ. როცა ამ ცხოვრებაში ერთადერთი მიზანი ამ ქვეყნის გათავისუფლება და შურისძიება იყო, უეცრად ახალი სამიზნეც გაჩნდა. ეს ილიანი იყო.

სახლში შევაბიჯე და მაშინვე ის სკივრი გადმოვიღე, სადაც ილიანის ნაჩუქარი თმისამაგრი მედო. დავსცქეროდი და ვიღიმოდი. ასეთი ნათელი ჩემი ღიმილი არასდროს ყოფილა, რადგან დღეს კიდევ ერთი ახალი გრძნობა შევისწავლე. ბედნიერი ვიყავი...

ნიღბების სამყაროWhere stories live. Discover now