თავი 33

963 97 28
                                    

ყველას აქვს შეცდომის დაშვების უფლება. პატარა ტრაგედიის ან უზარმაზარი დრამის, მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც ისე თუ ასე, საზღაური უნდა გადავიხადოთ. უბრალოდ ფასია განსხვავებული. ზოგჯერ ყველაფერის გამოსწორება მხოლოდ ექვივალენტური საფასურითაა შესაძლებელი და სწორედ მისი გადახდის მომენტიდან იწყება ახალი ათვლა. ახალი ერა. თუ მზად ხარ თავი გაწირო. ან თუ მზად ხარ აპატიო. ჩადენილი დანაშაულის საზღაური სიტყვებით არ იზომება. საქციელის გარეშე სიტყვები არაფერია. შეიძლება კი ჯონგუკის სიტყვები და დანაკარგი სასყიდლად ჩავთვალო?

გაშლილ საწოლზე ვიჯექი, გამაყრუელებელ სიჩუმეს ვუსმენდი და ვეწეოდი. არ მჭირდებოდა იუგიომის სიტყვების რამდენჯერმე თავში გადატრიალება იმისთვის, რომ მისი ნათქვამიდან აზრი გამომეტანა. ამ საუბრის შემდეგ ა-ლია " მოდით ჯიმინის სული ჯოხით ავჩიჩხნოთ და ვნახოთ რა მოუვა", ადრინდელივით აღარაფერი იქნება. რაღაც შეიცვალა. პრიორიტეტების სისტემის გადახედვა, წინათგრძნობა ან უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია. ნუ კი, სისულელე იყო იმის იმედის ქონა, რომ სეზონთან ერთად მხოლოდ ამინდი შეიცვლებოდა, როდესაც გონებაში ამოტვიფრული გაქვს იმ ადამიანის სახე, რომლის დანახვაზეც გული ძგერას იწყებს. მიზეზი ჯონგუკია. ყოველთვის ჯონგუკი.
აღმოჩნდა, რომ შეუძლებელია მუდამ გძულდეს. სამყაროს მუდამ წითელ ფერებში ვერ დაინახავ. სიძულვილი ქრონიკული არ ხდება. ადრე თუ გვიან აგიშვებს, მერე კი ემოციები ქრება, ან რაიმე არანორმალურ - აკრძალულში გადაიზრდება. ჩემი შემთხვევა. კარგი იქნებოდა წარსულში დამაბრუნა და ყველაფერი შემეცვალა, მაგრამ ეს უკვე ფანტასტიკის ჟანრია.
სიგარეტის კვამლი რაც შემეძლო ძლიერად შევისუნთქე, თითქოს ფილტვებში შხამს შეეძლო აზრების ზუზუნი ჩაეხშო. არაფერიც. კიდევ ერთხელ დავატრიალე ხელში ხელსახოცი მისამართით. გადაწყვეტილება თავში მირტყამდა. არ მომწონდა და სწორედ ეს ფაქტი მაცოფებდა. გენიოსობა არაა საჭირო იმის მისახვედრად თუ სად მივდივარ. როდის მოასწრო იუგიომმა დაწერა? თუმცა ჩვენი საუბრის გარდა სხვა რამეზე ყურადღების გამახვილება არც შემეძლო.
მეშინოდა ნერვიულობისგან გადაწყვეტილება არ შემეცვალა. სიგარეტის კოლოფი სამზარეულოს ტუმბოზე დავაგდე, რომ ხელი არ წამცდენოდა და არ წამეღო. ჩავიცვი და ბინიდან გავედი. ხანდახან უბრალოდ იაზრებ, რომ აღარ შეგიძლია, რომ რაღაც უნდა გააკეთო. სხვანაირად არ გამოდის.
გარეთ საშინლად ციოდა. გაყინული ჰაერი სასუნთქ გზებს მიწვავდა უკან კი კვამლის სახით ამოდიოდა. ქარი სახეში თოვლს მაყრიდა. კაპიშონი წამოვიფარე და გზისკენ წავედი, ცარიელი ტაქსი მაშინვე შევამჩნიე. ძილბურანში მყოფ მძღოლს მისამართი ვუთხარი და უკან დავჯექი. თავი მისკდებოდა. მაგრამ ჯობია პლასტირი ერთიანად, უცბად აიძრო, ვიდრე ნელა იტანჯო.
საკმაოდ ძვირადღირებული სასტუმრო იყო. ისეთი, უბრალო მოკვდავი რომ ვერ მოხვდება.  უზარმაზარი ჰოლით, მოზაიკის იატაკით, ერთი ორი, ალბათ ძალიან ცნობილი სკულპტორის, ქანდაკებით და ყველაფრის ცენტრში პატარა ფანტანით. ჩეკში რამდენიმე ნოლი მარტო ამ სილამაზის ყურებისთვის ემატება.
მომღიმარმა ადმინისტრატორმა იმედები არ გამიცრუა და დიდხანს ლოდინი არ დამჭირდა. ერთი ზარი და ორ წუთში ლიფტით ზემოთ ავდივარ, უკან კი მხდალ აზრებს ვტოვებ.

სხვათა ცხოვრების პარალელებიWhere stories live. Discover now