მომწამლავი

475 129 20
                                    

1637

_______

თერთმეტეული - დროის ათვლის ერთეული (კვირის მსგავსი). ერთ თერთმეტეულში არის 11 დღე. 11 დღის გასვლის შემდეგ იწყება სხვა თერთმეტეული.

_______

ქვო მისაღებ ოთახში მაგიდას აწყობდა სავახშმოდ, როდესაც ხის კიბეზე ბასტის ნაბიჯების ხმა გაიგონა. უნებურად შედგა და კიბისკენ გაიხედა. სტუმარი ნელა ჩამოდიოდა და დაძაბული აყოლებდა ძლიერ ხელებს კიბის სახელურს.

ბასტი თავს უხერხულად გრძნობდა ქვოს ტანსაცმლეში. როგორც წესი, ასე მკაცრად სამსახურში ეცვა ხოლმე. მას კი იმდენად ეზიზღებოდა სამსახური, უნებურად სძულდა ყველაფერი, რაც კი მას უკავშირდებოდა. ბასტს თეთრი პერანგი და შავი, კლასიკური შარვალი ეცვა, რომელიც ლამაზად ჰქონდა შარვალში ჩატანილი. ცხოვრებაში პირველად, ბასტს საერთოდ არ უწვალია პერანგის ჩატანაში, საჯდომზე შარვალს ამობურცული ნაკეცები ოდნავაც კი არ ეტყობოდა.

კიბის ბოლოს შედგა და მასზე მიჩერებულ ქვოს გახედა. ოთახის ნახევარში განათება არ იყო, ამიტომ ცეცხლისფერთიანის სახე ჩრდილში მოქცეულიყო, რის გამოც მისი გამომეტყველების დანახვა არ შეეძლო. სამაგიეროდ, სამზარეულოს უზარმაზარი კარიდან გამოსულ შუქზე, რომელიც ქვოს ზურგზე ეცემოდა, მისი ცეცხლისფერთი თმა უფრო წითლად აბრდღვიალებულიყო. ბასტი წამიერად შეკრთა ამის დანახვაზე. ქვოს თითქოს თავზე ცეცხლი ეკიდა.

რამდენიმე წამის შემდეგ ქვო შეტრიალდა და მშვიდად განაგრძო ორ კაცისთვის მაგიდის გაშლა.

უცნაური იყო, მაგრამ ბასტმა გაიფიქრა, რომ მათ თითქოს ერთნაირად ეცვათ. ქვოს შარვალიც ისეთივე იყო, როგორიც მისი, თუმცა წითელთიანის პერანგი ჭაობისფერი იყო და ასეთივე ფერის წინსაფარი აეფარებინა. მის ქარვისფერ თვალებს ჭაობის მწვანე თითქოს ზედ აკვდებოდა.

ქვო ისევ კარგ ხასიათზე ჩანდა, რაც ბასტისთვის ყველაზე დიდი უცნაურობა იყო ამ სახლში. ის უჩვეულო ჰიბრიდიც აღარ აცვიფრებდა ისე ძალიან, როგორც ქვოს ტუჩებზე ათამაშებული სუსტი ღიმილი.

ლურჯცეცხლი სამხრეთ ზეგანზეWhere stories live. Discover now