გაზაფხული

144 56 11
                                    

3940

______

ბასტმა თვალები რომ გაახილა, დრო დასჭირდა მხედველობის სიბნელესთან შესაჩვევად. მაშინვე იგრძნო, რომ რაღაც შეცვლილიყო მასში. გონებაში წარმოუდგენელი, უჩვეულო სიჩუმე იყო, მაგრამ არ შეწუხებულა. მისაღებ ოთახში დივანზე იწვა. გარშემო მიმოიხედა, აინტერესებდა, სად იყვნენ ქვო და მოლუსკი, მაგრამ ვერავინ დაინახა. ქვო გონს უნდა მოსულიყო და ბასტი აქ ჩამოეყვანა, რადგან არ ახსოვდა, როგორ აღმოჩნდა მისაღებში. ნეტავ მოლუსკი სად იყო? კარგად იყო? შეძლო მისი გადარჩენა? ის წამი, როდესაც ბასტმა უცოდინრობა გაიაზრა, იმდენად თავზარდამცემი იყო, ერჩია, არასდროს გაეღვიძა.

ის იყო, წამოდგომა დააპირა, რომ შემოსასვლელი კარი გაიხსნა და გარედან ქვო შემოვიდა. მან ფეხით მიხურა კარი და ზურგს უკან აზუზუნებული ქარი გააჩუმა. ხელში შეშა ეჭირა, მხრებსა და თმაზე უკვე გამდნარი თოვლის ფიფქები უბრჭყვიალებდა. ქვო ღუმელთან მივიდა. ჩაფიქრებული იყო, ვერ შეამჩნია ბასტის მზერა. შეშა დააწყო, ცეცხლს შეუკეთა და რამდენიმე წამს ღუმლის გამოხსნილ კარში ცეცხლს მიაშტერდა. ბასტს ხმის ამოღების და მისთვის თვალებში ჩახედვის ეშინოდა. მის ემოციებს ჯერ ვერ გრძნობდა, რადგან სისხლი და ენერგია ბოლომდე არ ჰქონდა აღდგენილი. ვერც სხეულის ენით შეძლო რამის ამოკითხვა. გული აუჩქარდა, პირში სიმლაშე იგრძნო და ყურებში ნაცნობი წუილის ხმა დაუბრუნდა.

ფიქრებში წასული ქვო მალე გამოერკვა, ღუმლის კარი მიხურა და ფეხზე წამოდგა. უკან შეტრიალებისას ბასტის შეშინებულ თვალებს გადააწყდა. ხმამაღლა, შვებით ამოისუნთქა და სწრაფად გაემართა მისკენ. ბასტს აქამდეც იშვიათად ესმოდა მისი ნაბიჯების ხმა, ქვო იმდენად ფრთხილად დადიოდა, ახლა კი საერთოდ ვერაფერი გაიგონა. სასტუმროს მეპატრონე თავზე წამოადგა. ახალგაზრდა დემონს უნდოდა, წამომჯდარიყო, მაგრამ ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მისმა მზერამ ადგილს მიალურსმნა. მან რაღაც უთხრა, ბასტმა ვერც მისი ხმა გაიგონა და ვერც გამომეტყველება გაარჩია, მხოლოდ პირის მოძრაობა შენიშნა.

ლურჯცეცხლი სამხრეთ ზეგანზეWhere stories live. Discover now