ზამთრის პირველი სტუმარი

597 134 8
                                    

1851

________

ბოლო 24 საათის განმავლობაში მას უკვე მეორედ დაურეკეს. სწორედ ეს იყო აფორიაქების მიზეზი. ზამთარი იმიტომ უყვარდა, რომ არავინ აწუხებდა და მყუდროებას მგლების სუნსულისა და აკივლებული ჭოტის გარდა არავინ ურღვევდა. სტუმარი აგვიანებდა. პირველი ზარი საზღვრიდან შემოვიდა, როცა გააფრთხილეს, რომ ახალგაზრდა მოლაშქრე მოდიოდა მისკენ და საზღვარზე გადმოპარული არალეგალი არ ჰგონებოდა. მეორედ კი იმის გადასამოწმებლად დაურეკეს, მოვიდა თუ არა მოლაშქრე. მაგრამ სტუმარი ნამდვილად არ მოსულა მასთან. საზღვარზე შეწუხდნენ თავზეხელაღებული მოლაშქრის გამო, რომელმაც გაბედა და ყინვაში დაადგა სახიფათო გზას. მას ბევრი რამ შეიძლებოდა მოსვლოდა. შესაძლებელი იყო, რომ თოვლში ფეხი დასცდენოდა და ნამქერს ჩაეტანა ან ღამით მგლების თავდასხმის მსხვერპლი გამხდარიყო. მეპატრონემ გამკიცხავად გადააქნია თავი. მისი გრძელი თმა შეირხა და მყუდრო განათებაზე ცეცხლისფრად აელვარდა. ბიჭი, რომელსაც ელოდა, ან ნამდვილად სულელი უნდა ყოფილიყო, ან კიდევ დიდი გული უნდა ჰქონოდა. ის კი ფიქრობდა, რომ ორივე ერთნაირად საშინელება იყო.

სასტუმროს მეპატრონე, სახელად ქვო, დილიდან ელოდა სტუმარს. მაშინვე შეუდგა სასტუმროს მოწესრიგებას, როგორც კი მის მოსვლაზე შეატყობინეს. სტუმრების ოთახი გაამზადა, იქაურობა გულდასმით დაწმინდა, შეამოწმა გათბობა და ინტერნეტის მიწოდება, საწოლზე ახალი თეთრეული გადააკრა, ჰაერის დამატენიანებელი ჩართო, ოთახში ლეპტოპიც შეიტანა, რომელსაც თავად არ იყენებდა და ბოლოს, საკუთარი თავით კმაყოფილმა გამოიხურა კარი. შემდეგ საჭმლის მომზადება გადაწყვიტა. იფიქრა, რომ სტუმარს ცხელი კერძი ესიამოვნებოდა, ამიტომაც წვნიანი მოამზადა დაკონსერვებული ოსპითა და კომბოსტოთი. ცოტა დაფნის ფოთლების დამატების შემდეგ მთელ სამზარეულოში ისეთი სუნი დადგა, თავადაც აუწრიალდა მუცელი.

ლურჯცეცხლი სამხრეთ ზეგანზეWhere stories live. Discover now