თავი 2

423 59 47
                                    

ჰარი / წარსული

სამეფო ბალეტის სკოლაში გვიან შევედი. მოსწავლეების უმეტესობა 11 წლის ასაკში იწყებდა, მაგრამ მე უკვე 15-ის ვიყავი. ყველა ერთმანეთს იცნობდა, მე კი არავის.

მხოლოდ გასართობად ვცეკვავდი. დედაჩემის მეგობარს საცხობის უკან პატარა სტუდია ჰქონდა და ერთხელ იქ შემთხვევით მოვხვდი, როცა საპირფარეშოს ვეძებდი. თავიდან ხუმრობით დავიწყე სიარული სტუდიაში, შემდეგ კი ძალიან მომეწონა იქაურობა.

როცა ჩემმა მასწავლებელმა, მისის პრიჩარდმა შემომთავაზა, რომ სამეფო ბალეტის სკოლაში წავსულიყავი გასაუბრებაზე, მეგონა, რომ გაგიჟდა. დედაჩემმაც მითხრა, რომ წავსულიყავი, უბრალოდ მეცადა და ვიფიქრე, რატომაც არა? ლონდონში წავიდოდი. ვერ დავიჯერე, როცა ამიყვანეს. ტექნიკასთან პრობლემები მქონდა, მაგრამ შეაქეს ჩემი ტერდი, გრძელი ფეხები და დამყოლი წვივები. მითხრეს, რომ მუსიკალურობის კარგი შეგრძნება მქონდა და ემოციებსაც ვგრძნობდი. არ ვიცოდი, ეს რას ნიშნავდა, მაგრამ გადავწყვიტე, რომ კარგი რამე იყო.

ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი იმის გამო, რომ ასეთ პრესტიჟულ სკოლაში მიმიღეს - სასახლეს ჰგავდა- მაგრამ მე შეშინებული უფრო ვიყავი. სახლიდან ასე შორს არასდროს მეცხოვრა და ჩეშირში ძალიან გამიჭირდა მეგობრების გაჩენა.

ჩემი ოთახის მეგობარი გამხდარი წითური იყო, რომელსაც ჩემთან არაფრის გაკეთების სურვილი არ ჰქონდა. წესით, თავის საუკეთესო მეგობართან უნდა ეცხოვრა და მე რომ დამინახა, გეგმები შეეცვალა. მთელ კარადაში მისი ტანსაცმელი იყო, ამიტომ მე ჩემებს საწოლის ქვეშ ვალაგებდი.

როცა ოთახში ჩემი ნივთები მოვაწესრიგე, პირველი გაკვეთილისთვის მოვემზადე. შავი ელასტიკი და თეთრი ბოდე ჩავიცვი, რადგან ბროშურაზე სწორედ ეს ეცვათ ბიჭებს. მისის პრიჩარდის სტუდიაში შემეძლო ის ჩამეცვა, რაც მინდოდა - დიდი ზომის სვიტერი, შორტები, მას ეს არ აწუხებდა. მაგრამ აქ ბევრი წესი იყო. შესაფერისად ჩაცმული უნდა ვყოფილიყავი, სწორად მეკვება და დადგენილ დროზე დამეძინა.

Flightless Bird  (უფრთო ჩიტი)Where stories live. Discover now