walking over a word with the teeth of my mind

439 80 14
                                    

მხოლოდ ახლა შეემჩნია, როგორი ლამაზი იყო თეჰიონი.
ადრე ვერ ხედავდა, ახლა კი, ლაჟვარდისფერი ცის ქვეშ რომ იდგნენ, თითქოს ყველაფერი თვალწინ გადაეშალა ერთიანად: არ იყო იგი ყველაზე თვალისმომჭრელი მათ შორის, ვინც კი უნახავს, არც ყველაზე ლამაზი, მაგრამ აქამდე არცერთს უმოქმედია მასზე, როგორც თეჰიონი ახერხებდა ამას.
ხაკისფერი კეპი ეხურა, მუქი ყავისფერი თმები შუბლზე ჩამოჰყროდა, ხორბლისფერ კანზე კი მისი ოფლი ბზინავდა. სილამაზე. ამას ხედავდა იგი მხოლოდ.

ვერც შენიშნა, როგორ გაშეშებულიყო, ურიკა ხელში ეჭირა, მაგრამ არ დაუძრავს. თეჰიონზე შეეჩერებინა მზერა სრულიად გაუცნობიერებლად და ვერც ის დაენახა, ამას ისიც რომ ამჩნევდა.

-მადლობელი ვარ, ასეთი მზერის ღირსი რომ გავხდი, მაგრამ სჯობს ვიმუშავოთ.. -მსუბუქად ჩაიცინა და ცოცხით ქვაფენილზე დაყრილი შუშის ნამსხვრევების დაგვა განაგრძო.
ჯონგუკი ამ სიტყვებზე შეკრთა.
-არ გიყურებდი. - წარბები შეკრა და ურიკა იქ მიახრიალა, სადაც ჩატეხილ სკამებსა და მაგიდებს ყრიდნენ. იუნგიმ უთხრა, ვინმე შეშად გამოიყენებსო.. -ერთხელაც არ შემომიხედავს, - ჩაიბუზღუნა.

ყველა გარეთ იდგა, ტრაგედიის ყოველ ნიშან-კვალს აქრობდნენ, თითქოს ამით მათი მეხსიერებიდანაც წაიშლებოდა მომხდარი. ხანშიშესული ქალი აკანკალებული ხელით ასხამდა წყალს სათლით
სისხლ-შემხმარ ქვაფენილს. თეჰიონი თავის გახალისებას ცდილობდა, არ სურდა შეემჩნია რომ ახლახანს მომხდარის გამო ჯერ კიდევ ვერ დაემშვიდებინა შიშისგან ათრთოლებული გული. ჯონგუკის მხარეს აპარებდა მზერას, უყურებდა, ქარი როგორ ურხევდა თმებს და ნელ-ნელა მასშიც იწყებდა სიმშვიდის პატარა ნაპერწკლები გაღვივებას.

გვიან შუადღეს დაასრულეს.
ყველამ დაინახა, იაპონელები შორიახლოს როგორ ტრიალებდნენ. ელოდნენ, რომელიმე მათგანი მაინც როდის დაილაპარაკებდა კორეულად, რათა დასჯის მიზეზი ჰქონოდათ. ხანდახან არც ეს იყო საკმარისი... უმიზეზოდ მოსტეხეს ფეხი ერთ-ერთი მოკლულის ძმას, კეტი ჩაარტყეს მუხლში რამდენჯერმე. მაღალი, წაბლისფერთმიანი კაცი ფითქინა კანით ჩაკეცილიყო, ენაზე კბილი დაეჭირა, რათა არაფერი ეთქვა.. ისიც რომ მოეკლათ, მის ოჯახს ვინ გამოკვებავდა? მერე კიდევ ურტყეს, დასცინეს, წიხლებით შესდგნენ, მას კი ერთი კვნესაც არ დასცდენია. რომ მოშორდნენ, მერეღა გადმოაფურთხა სისხლი, პირი რომ გავსებოდა... საწყალს ენა ჰქონდა გაჭრილი.

*

შემდეგ რამდენიმე დღეში ჰიჯე ფეხზე დადგა, მაგრამ ავადობას სულ უარესად გაეხადა და სულ მკვდრის ფერი დასდებოდა მის ისედაც ფერმკრთალ კანს, ძლივს დალასლასებდა, უღიმღამოდ დასთამაშებდა მზერა.  
არ ელაპარაკებოდა თეჰიონს და არ ელაპარაკებოდა იუნგის, ხტებოდა მათ მიახლოებასა და შეხებაზე, კანკალს იწყებდა, როდესაც ჯონგუკი ცდილობდა მისთვის საჭმელი მიეცა.

HikaruOnde histórias criam vida. Descubra agora