Chapter 23: There's no place like home

2.3K 134 24
                                    

ჩემი სახლის წინ ვიდექი. სახლის, რომელშიც დავიბადე და გავიზარდე. ხო, სწორედ რომ ამ სახლში დავიბადე. იმდენად მოუთმენელი აღმოვჩნდი, დედას სამშობიარომდე მისვლაც არ დავაცადე, მისი მუცლიდან თავი სწორედაც რომ ამ სახლში გამოვყავი. პირველი ნაბიჯებიც აქ გადავდგი, პირველი სიტყვაც, რომელიც სხვათაშორის, მამა იყო, აქ წარმოვთქვი.

ღრმად ჩავისუნთქე და კარი ფრთხილად შევხსენი. სახლში მხოლოდ დედა დამხვდა. მისაღებ ოთახში იჯდა და ისე იყო გართული ტელევიზორის ყურებაში, ჩემი შემოსვლა ვერც გაიგო.

—დეე.-ჩუმად ამოვთქვი.

—ღმერთო!-წამებში მოატრიალა თავი.
—ვის ხედავენ ჩემი თვალები?!-მაშინვე ფეხზე წამოიჭრა და ჩემსკენ გამოემართა.

—არ მოგენატრე?!-ვუთხარი და ჩავეხუტე.

—როგორ შეიძლება არ მომნატრებოდი?!-მანაც ძლიერ მომხვია ხელები და ჩემი სურნელი ხარბად შეისუნთქა.

—აი...-ამოვიოხრე და მოვშორდი.—აი, რა ყოფილა ის, რაც მთელი ოთხი თვის განმავლობაში ასე ძალიან მაკლდა. დედის ჩახუტება.

—მოდი.-ორივენი დივანზე დავსხედით.
—აბა?! მომიყევი შენი ასე უცაბედად და გაუფრთხილებლად ჩამოსვლის ამბავი.-იღიმოდა.

—უბრალოდ მომინდა, რომ ჩამოვსულიყავი და ჩამოვედი.-დივანზე დავწექი, თავი დედის კალთაში ჩავდე, მან კი თმებზე მოფერება დამიწყო.

—და უნივერსიტეტი?

—გამოცდებს მოვრჩი, ამიტომ წასვლამდე რამდენიმე ლექციას თუ გავაცდენ, აღარაფერი დაშავდება. 

—სად წასვლამდე?!

ღმერთო, მე ხომ მისთვის ისიც კი არ მითქვამს, რომ მსგავსი შემოთავაზება მქონდა.

—შენთვის არ მითქვამს. შენთვის კი არა, არც არავისთვის მითქვამს.-ჩავიცინე.
—გაცვლითი პროგრამის საშუალებით, კანადაში მივდივარ ერთი სემესტრით.

Love for evermoreWhere stories live. Discover now