Let it be

567 49 91
                                    


10

სხვისთვის არასდროს დამიკრავს. თითქმის.
მხოლოდ ჩემი ძმისთვის, მაგრამ ეს არ ითვლება.

უცნაური შეგრძნება იყო. ჩელოს მიმართ ყოველთვის ეგოისტურად ვიყავი განწყობილი და არ მსიამოვნებდა ის, რომ სხვის გამო უნდა დამეკრა. როცა ვუკრავდი, მხოლოდ მე უნდა გამეგო მელოდია და მხოლოდ მე უნდა მეგრძნო ეს ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ გარშემო მაინც ესმით ხალხს ზოგჯერ, მე მაინც ვცდილობდი იმის დაჯერებას რომ ასე არ ხდებოდა.

დაკვრისას თითქმის ყოველთვის ერთ სცენას წარმოვიდგენდი, რომ მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით, მე და ჩელო, წარმოსახვით, მაგრამ მაინც არაჩვეულებრივ სცენაზე, ცარიელ შენობაში, რომელიც თეატრის მსგავსი იქნებოდა, საუცხოო, მიმზიდველი, ძველი, დიდებულად მოწყობილი, მაგრამ მიტოვებული, ცარიელი, მდუმარე.

თუმცა, ახლა, როცა ევასთვის ვუკრავდი, თითქოს რაღაც სხვა ხდებოდა. არ ვიცი რა, მაგრამ ჩემთვის უცხო იყო. პირველად ვგრძნობდი თავს ისე, თითქოს იქ, იმ შენობაში ჩვენ გარდა ვიღაცის ყოფნა შეიძლებოდა და იყო კიდეც. თითქოს მთელი ეს 'გამოსვლა' მისთვის იყო.

და პირველად ხდებოდა, რომ ვიღაც ისე ისმენდა ჩემს დაკრულს, როგორც მუსიკოსი. რა თქმა უნდა, ჩემს მასწავლებლებს არ ვგულისხმობ. აი, ვიღაც, ვისაც ისე, უბრალოდ აინტერესებს მუსიკა და უყვარს.

დაკვრისას თვალები ყოველთვის დახუჭული მქონდა, მაგრამ ამჯერად შეუძლებლად მიმაჩნდა და რამდენიმე წამში ეთხელ მაინც გავხედავდი ევას, რომელიც მოდუნებული იდგა და უცნაური მზერით მიყურებდა, ხან მე, ხან ჩემს თითებს.

ვცდილობდი არ შემემჩნია. გულმოდგინედ ვუკრავდი და თვალებსაც ერთმანეთს ვაჭერდი, რომ არ შემეხედა..

თუმცა, სულ გადამავიწყდა ევა. ნაწარმოების ნახევარი მექნებოდა გავლილი, როცა მოულოდნელობისგან შევხტი. თან ისე ძლიერ, რომ რაღაც უხეში ბგერა გამოსცდა სიმებს.

Smoothly EXecuted.  |COMPLETED|Where stories live. Discover now